ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო თურქეთმა ისრაელთან ყველა სახის ვაჭრობა შეაჩერა
ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო თურქეთმა ისრაელთან ყველა სახის ვაჭრობა შეაჩერა

ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო თურქეთმა ისრაელთან ყველა სახის ვაჭრობა შეაჩერა.

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელთან ვაჭრობა შეჩერდება, ვიდრე ისრაელი არ დაუშვებს ღაზაში დახმარების „უწყვეტ და საკმარის ნაკადს“. თურქეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაჭრობის შეჩერება მოიცავს „ყველა პროდუქტს“.

ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გასულ წელს თითქმის შვიდი მილიარდი დოლარი იყო.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „დიქტატორის მსგავს“ ქცევაში დაადანაშაულა. ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ერდოღანი „უგულებელყოფს თურქი ხალხისა და ბიზნესმენების ინტერესებს, ასევე საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებს“.

ისრაელ კაცმა დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოეძებნა თურქეთთან ვაჭრობის ალტერნატივა, აქცენტით ადგილობრივ წარმოებაზე და სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე.

1949 წელს თურქეთი იყო პირველი მუსულმანური ქვეყანა, რომელმაც ისრაელი აღიარა. თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა ისრაელთან 2010 წელს, მას შემდეგ, რაც 10 პროპალესტინელი თურქი აქტივისტი დაიღუპა ისრაელის კომანდოსებთან შეტაკებისას, რომლებიც თურქეთის კუთვნილ გემზე ავიდნენ. ხომალდი ცდილობდა, გაერღვია ისრაელის საზღვაო ბლოკადა ღაზის სექტორში. ურთიერთობები აღდგა 2016 წელს, მაგრამ ორივე ქვეყანამ ორი წლის შემდეგ გააძევა ერთმანეთის მთავარი დიპლომატები ისრაელის მიერ პალესტინელების მკვლელობის გამო ღაზა-ისრაელის საზღვარზე, საპროტესტო აქციების ფონზე. ღაზაში ომის დაწყების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი ისრაელის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადოლფ ჰიტლერს ადარებს და „ღაზის ჯალათს“ უწოდებს. ნეთანიაჰუს განცხადებით, თურქეთის ლიდერი არის უკანასკნელი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ისრაელისთვის მორალის ქადაგება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტი ერდოღანი მხარს უჭერს „ჰამასის“ მკვლელებსა და მოძალადეებს, უარყოფს სომეხთა გენოციდს და ხოცავს ქურთებს საკუთარ ქვეყანაში.