რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გასულ წელს თურქეთ-საქართველოს ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში სამ მილიარდ დოლარს მივაღწიეთ, ახალი სამიზნე იქნება ხუთი მილიარდი
გასულ წელს თურქეთ-საქართველოს ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში სამ მილიარდ დოლარს მივაღწიეთ, ახალი სამიზნე იქნება ხუთი მილიარდი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.
„გასულ წელს ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ. ერთმანეთს აღვუთქვით, რომ ახალი სამიზნე, ორიენტირი იქნება ხუთი მილიარდი. მიმაჩნია, გვაქვს პოტენციალი, ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნესშესაძლებლობები სრულად ავითვისოთ.
რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება, იმედი მაქვს, ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება. ამ შემთხვევას ვიყენებთ და ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო, ენერგეტიკულ პროექტებზეც ამავე წარმატებით ვიმუშავებთ. პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა – აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკულ პროექტებში, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც გამოვთქვით სურვილი და დაპირება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.