გერმანიის მთავრობა რუსეთს მოუწოდებს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს
გერმანიის მთავრობა რუსეთს მოუწოდებს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს

გერმანიის მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთს საქმესთან დაკავშირებით სერიოზული და დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ულრიკე დემერმა განაცხადა. მისი თქმით, ბერლინი მომხდარი მკვლელობით შეძრულია.

მანამდე გერმანიამ უკვე გააკრიტიკა მოსკოვი დანაშაულის გამოძიებაში არასათანადო თანამშრომლობის გამო და ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის ომის დროს საველე მეთაური იყო, ბერლინის ერთ-ერთ პარკში 23 აგვისტოს მოკლეს. ის რუსეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმის ბრალდებით იძებნებოდა. მკვლელობის საქმეს გერმანიის ფედერალური პროკურატურა იძიებს. გერმანელი პროკურორები სამთვიანი ძიების შემდეგ ეჭვობენ, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უკან რუსეთის სახელმწიფო ორგანოები დგანან.