გერმანიაში მოკლულ ზელიმხან ხანგოშვილს სოფელ დუისში დღეს დაკრძალავენ
გერმანიაში მოკლულ ზელიმხან ხანგოშვილს პანკისში, სოფელ დუისში დღეს დაკრძალავენ.
სოფელ დუისში ხეობის მოსახლეობა ზელიმხან ხანგოშვილი ოჯახში სამძიმარზე დილიდან მიდის.
ოჯახის ახლობლები ზელიმხან ხანგოშვილის ლიკვიდაციის ვერსიებზე საუბრობენ. ისინი ხანგოშვილის მკვლელობას რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ.
„ზელიმხანი ლაფანყურის სპეცოპერაციის საკითხში უდანაშაულო იყო. ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც გაბედა და ტყეში მარტო შევიდა მოსალაპარაკებლად, რათა დაეთანხმებინა მებრძოლები, უკან დაბრუნებულიყვნენ. თავიდან არსებობდა ეჭვი, რომ ამ მიზეზით მოხდა ზელიმხანის ლიკვიდაცია, მაგრამ ეს ეჭვი გაქრა. ჩვენ, უფრო რუსეთის სპეცსამსახურებზე გვაქვს ეჭვი და ამასვე ამბობს გერმანული პროკურატურა და მედია“, – განაცხადა ნონა ხანგოშვილმა.
ხანგოშვილს საგვარეულო სასაფლაოზე შუადღის ლოცვის შემდეგ დაკრძალავენ.
საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გერმანული მედიის ცნობით, მას ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცმა ესროლა, რომელიც უკვე დაკავებულია. მკვლელობის იარაღი მდინარიდან ამოიღეს. როგორც დასავლური მედია წერს, მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე, 49 წლის მამაკაცი.
„შპიგელის“ ინფორმაციით, საქართველოში მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ხანგოშვილი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ იბრძოდა. მეორე თავდასხმის შემდეგ, 2015 წელს ხანგოშვილი ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავშესაფარს ითხოვდა.