გერმანიაში 24 წლის სირიელს მკვლელობისთვის ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გერმანიის ქალაქ კემნიცში სასამართლომ 24 წლის სირიელს ცხრა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკვლელობისთვის, რომელსაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
გახმაურებული მკვლელობა ერთი წლის წინ მოხდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს სირიის მოქალაქემ ალაა ს.-მა სხვა თანამზრახველთან, ერაყელ ფარჰადან რამაზან აჰმადთან ერთად, დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 35 წლის მამაკაცს.
კემნიცში თავშესაფრის მაძიებლების მიერ ჩადენილ მკვლელობას აქტიური საზოგადოებრივი გამოხმაურება და მემარჯვენე რადიკალების მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ანგელა მერკელის მთავრობის მიგრაციულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ასევე გაიმართა მიტინგები ქსენოფობიის წინააღმდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში დემონსტრაცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.