გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას და მათთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს
გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას და მათთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.

„ორივე ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ორივე სახელმწიფოში ადამიანებს, ჩვეულებრივ, არ ემუქრებათ დევნა პოლიტიკური მიზეზებით. ამას გარდა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მეათე მაძიებელი ამ ქვეყნებიდანაა ჩამოსული და მათი უსაფრთხო სახელმწიფოებად აღიარება საშუალებას მოგვცემს, საკმაოდ სწრაფად და ეფექტიანად შევამციროთ არალეგალური მიგრაცია“, – განაცხადა მინისტრმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

ფეზერის თქმით, გერმანია მოლდოვასა და საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. მინისტრის განმარტებით, მოლდოვა და საქართველო აიღებენ ვალდებულებას, უკან მიიღონ მოქალაქეები, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვთ.

„ეს მისცემს შანსს იმ ადამიანებს, რომლებსაც გერმანიაში ჩამოსვლა სურთ, აქ განათლების მიღება, მუშაობა უნდათ, ასევე მოგვცემს არსებითად საჭირო კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობას“, – განაცხადა ნენსი ფეზერმა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ნენსი ფეზერის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გერმანიის მთავრობა დღეს განიხილავს. გერმანიის შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში წარდგენილი თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებიდან მხოლოდ 0.1% დაკმაყოფილდა. უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მისცემს გერმანიას საშუალებას, დააჩქაროს იმ მიგრანტების დეპორტაცია, რომელთაც თავშესაფარზე უარი უთხრეს.