საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, სოფლის მეურნეობის სფეროში კანონიერად დასაქმების საშუალებას მისცემს
საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, სოფლის მეურნეობის სფეროში კანონიერად დასაქმების საშუალებას მისცემს

საფრანგეთის მთავრობა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, სოფლის მეურნეობის სფეროში კანონიერად დასაქმების საშუალებას მისცემს. როგორ „ევროაქტივი“ წერს, ამ მიზნით საფრანგეთის მთავრობა სოფლის მეურნეობის სექტორს დაამატებს იმ სფეროთა ჩამონათვალს, სადაც კადრების დეფიციტია.

აღნიშნული ინიციატივა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის ერთ-ერთი დაპირებაა, რომელიც მან ფრანგი ფერმერების საპროტესტო აქციების საპასუხოდ წარადგინა.

შესაბამისი ცვლილებები შეეხებათ დაქირავებულ ფერმერებს, მათ შორის მესაქონლეებს, მებაღეებს, მევენახეებს, მეტყევეებს და ასევე სასტუმრო, კვებისა და სამშენებლო სექტორში დასაქმებულ დაქირავებულ მუშახელს.

ცნობისთვის, საფრანგეთის ფერმერთა პროფკავშირი უკვე დიდი ხანია, ითხოვდა სოფლის მეურნეობის სექტორის იმ სფეროთა ნუსხაში შეტანას, სადაც კადრების დეფიციტია. მათი ცნობით, ყოველწლიურად მოსავლის აღების პერიოდში ამ სფეროში 70 000 სეზონური ვაკანსიაა შესავსები. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ევროკავშირში მუშახელის ანაზღაურების კუთხით არსებული კონკურენცია ართულებს კადრების მოძიებას მძიმე და ხშირად ევროპული სტანდარტებით დაბალანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმებისთვის. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, არალეგალურ მიგრანტს, რომელსაც დასაქმების ნებართვის მიღება სურს, მოსთხოვენ დამამტკიცებელ საბუთს, რომ ის საფრანგეთში სამი წლის განმავლობაში იმყოფება (მანამდე სავალდებულო იყო საფრანგეთში ათი წელი ცხოვრება), ასევე საბუთს, რომ მას 12-ჯერ აქვს აღებული ხელფასი (ადრე მოითხოვდნენ 24 ჩეკს). მუშაობის ნებართვა გაიცემა ერთი წლით და მისი ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია.