გაერო-ს მონაცემებით, 2023 წელს მსოფლიოში მიგრაციულ მარშრუტებზე 8 565 ადამიანი დაიღუპა, რაც 2014 წლის აღრიცხვის დაწყების შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია
გაერო-ს მონაცემებით, 2023 წელს მსოფლიოში მიგრაციულ მარშრუტებზე 8 565 ადამიანი დაიღუპა, რაც 2014 წლის აღრიცხვის დაწყების შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია

2023 წელს მსოფლიოში მიგრაციულ მარშრუტებზე 8 565 ადამიანი დაიღუპა, რაც 2014 წლის აღრიცხვის დაწყების შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. შესაბამის ინფორმაციას გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო სააგენტოს პროექტი „დაკარგული მიგრანტები“ ავრცელებს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, წინა წელთან შედარებით, 2023 წელს დაღუპული მიგრანტების რაოდენობა 20 პროცენტით არის გაზრდილი. დაღუპული მიგრანტების საერთო რაოდენობიდან ნახევარი დაიხრჩო, ცხრა პროცენტი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა, შვიდი პროცენტი კი ძალადობას ემსხვერპლა.

ანგარიშის მიხედვით, ხმელთაშუა ზღვა კვლავ ყველაზე სახიფათო მიგრაციულ მარშრუტად რჩება, გასულ წელს იქ, სულ მცირე, 3 129 ადამიანი დაიღუპა, 2024 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში კი გარდაცვალების 254 შემთხვევა აღირიცხა. ორგანიზაციის მონაცემებით, საერთო ჯამში, 2014 წლიდან 2024 წლამდე სულ 63 700-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, აქედან ნახევარი – ხმელთაშუა ზღვაში.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რეალური მაჩვენებელი, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს, რადგან სტატისტიკაში აღირიცხება გარდაცვალების მხოლოდ დადასტურებული შემთხვევები.