ფინეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის რაოდენობა ჰიბრიდულ თავდასხმას უტოლდება
ფინეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის რაოდენობა ჰიბრიდულ თავდასხმას უტოლდება

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის რაოდენობა ჰიბრიდულ თავდასხმას უტოლდება და, მისი აზრით, ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ამის შესახებ მან ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ჩვენს შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებამ დოკუმენტაციის გარეშე პირს ფინეთში გადმოსვლის საშუალება მისცა. ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახური მათ ფინეთში შემოსვლაშიც კი ეხმარება. უკანონო შემოსვლის სწრაფი ზრდის გამო, საჭირო გახდა მკაცრი ზომების მიღება. ჩვენ დავკეტეთ ყველა ჩვენი სასაზღვრო გამშვები პუნქტი აღმოსავლეთ საზღვარზე ერთის გარდა. ჩვენ მზად ვართ ესეც დავხუროთ, თუ საჭირო იქნება“, – თქვა ორპომ.

როგორც ცნობილია, მხოლოდ ნოემბრის თვეში რუსეთიდან ფინეთში 900 თავშესაფრის მაძიებელი გადავიდა, რომლებიც ძირითადად ავღანეთიდან, კენიიდან, მაროკოდან, პაკისტანიდან, სომალიდან, სირიიდან და იემენიდან არიან.

„რიცხვები არც ისე მაღალია, თუ შევადარებთ, მაგალითად, იტალიის ან საბერძნეთის ციფრებს, მაგრამ ეს ფენომენის საკითხია. ეს არის რუსეთის აგრესია ევროკავშირისა და წევრი ქვეყნის წინააღმდეგ. უბრალოდ, როგორც კოლეგებმა თქვეს, ეს არის ევროკავშირის საზღვარი და ეს არის ჰიბრიდული თავდასხმა პირდაპირ რუსეთიდან“, – აცხადებს ფინეთის პრემიერ-მინისტრი.

როგორც ფინეთში აცხადებენ, რუსეთის ეს ქცევა არის პასუხი ფინეთის თავდაცვის თანამშრომლობის გაზრდის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც, როგორც „როიტერი“ იუწყება, კრემლი უარყოფს.