იტალიაში მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში არეულობისას 14 ადამიანი დააკავეს
იტალიაში მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში არეულობის დროს 14 ადამიანი დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რომის სიახლოვეს მდებარე მიგრანტების ცენტრში 21 წლის გვინეელმა მამაკაცმა თავი მოიკლა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება რომის პროკურატურამ დაიწყო.
ახალგაზრდა მამაკაცის სუიციდის შემდეგ მიგრანტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად შენობაში არეულობა მოაწყო, დააზიანა ინვენტარი, გააჩინა ცეცხლი და კარაბინიერების ოთახში შეიჭრა. არეულობა ცხრა საათს გაგრძელდა და სიტუაციის განმუხტვა პოლიციამ მხოლოდ სპეცრაზმელების დახმარებით შეძლო.
დაკავებულია 14 ადამიანი, მათ შორის მიგრანტები მაროკოდან, პაკისტანიდან, კუბიდან, ჩილიდან, ნიგერიიდან, ტუნისიდან და გამბიიდან. მათ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში წაუყენეს ბრალი.
იტალია უკვე მრავალი წელია, ებრძვის არალეგალურ მიგრაციას. მკაცრი ზომების მიუხედავად, მხოლოდ შარშან ქვეყანაში 157 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა არალეგალური გზით.