გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა დღეს განახლდება
გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა დღეს 12:00 საათზე განახლდება.
მოსამართლე იმ შუამდგომლობებზე იმსჯელებს, რომლებიც წინა სხდომაზე დაცვის მხარემ წარადგინა. საუბარია პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობაზე. მათ შორის არის თედორაძის მოწმეთა ნუსხიდან ამოღება, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ბათილად ცნობა, ასევე ჭანტურიას სახლის ჩხრეკის ოქმის გაუქმება, რა დროსაც სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
ამ შუამდგომლობებზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.
წინა სხდომაზე მოსამართლის აცილებისა და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობები მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.