გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭანტურია უკვე მესამედ საქმის არსებით განხილვაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მოსამართლე მადონა მაისურაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 30 ოქტომბერს განახლდება.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, საქმის განხილვა გიორგი ჭანტურიას დაუსწრებლად ნაფიცი მსაჯულების გარეშე დაიწყება.
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის განხილვა ბრალდებულის გამოუცხადებლობის მიზეზით დღეს უკვე მესამედ გადაიდო.
გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.