გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა.

ჭანტურიას ადვოკატებმა მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის აცილება მოითხოვეს, ამასთან, დააყენეს შუამდგომლობა სასამართლო მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე, მათ შორის არის თედორაძის მოწმეთა ნუსხიდან ამოღება, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ბათილად ცნობა, ასევე ჭანტურიას სახლის ჩხრეკის ოქმის გაუქმება, რა დროსაც სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო 28 სექტემბერს იმსჯელებს. პროცესი 12:00 საათზე ჩაინიშნა.

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.