ადამიანის ევოლუციის მიმართულებას ბოლო ორი მილიონი წლის განმავლობაში, ფორმა მისცა საცხოვრებელი გარემოს ცვლილებებმა, რაც ასტრონომიულ მოვლენათა მიერ მართულ კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაში იუწყებიან.
პლეისტოცენის ეპოქის დედამიწის კლიმატის ცვლილებათა უპრეცედენტო სუპერკომპიუტერული სიმულაციის გამოყენებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისეთი ცვლადების ცვლილებები, როგორებიც არის ნალექები და ტემპერატურა, განაპირობებდა, თუ როგორ სახლდებოდნენ ან დაეხეტებოდნენ ჰომინინთა სხვადასხვა სახეობები, მათ შორის ჰომო საპიენსი ადამიანის პრეისტორიის ასობით ათასი წლის განმავლობაში.
„მიუხედავად იმისა, რომ არქაულ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს სხვადასხვა კლიმატური გარემო ერჩივნათ, ყველა მათი ჰაბიტატი ეპასუხებოდა კლიმატურ ცვლილებებს რაც გამოწვეული იყო ასტრონომიული ცვლილებებით დედამიწის ღერძის რხევაში, დახრილობაში და ორბიტულ ექსცენტრიულობაში“, — ამბობს სამხრეთ კორეის პუსანის ეროვნული უნივერსიტეტის კლიმატური ფიზიკოსი აქსელ ტიმერმანი.
კვლევის შედეგები მნიშვნელოვან წონას მატებს იმ არგუმენტს, რომ კლიმატის ცვლილების პრეისტორიული ეპიზოდები ჰომოს გვარს ევოლუციურ განვითარებაში დაეხმარა; ამ ჰიპოთეზაზე მეცნიერები დიდი ხანია ეჭვობდნენ, მაგრამ კლიმატური მონაცემებისა და არქაულ ადამიანთა ნამარხების ნაკლებობის გამო მისი დამტკიცება საკმაოდ ძნელია.
„ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პრობლემა ის არის, რომ ჰაბიტატის ინფორმაციის სახმელეთო ჩანაწერები, მაგალითად, დანალექებიდან და პალეო ტბების გაბურღვით მიღებული, ხშირად შეზღუდულია ხელმისაწვდომ მონაცემთა დროში განაწილების თვალსაზრისით“, — განმარტავს გერმანიის მაქს პლანკის ადამიანის ისტორიის მეცნიერებათა ინსტიტუტის არქეოლოგი მაიკლ პეტრაგლია, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ამ პრობლემის დასაძლევად, ტიმერმანმა და მისია ჯგუფმა მოახდინა დედამიწის 2-მილიონ წლიანი პერიოდის გარემო პირობების ცვლილებათა მოდელირება, რაშიც ჩაურთეს ასტრონომიულად გამოწვეული კლიმატური ცვლილებები, რისი მიზეზიც დედამიწის მოძრაობაა და რასაც მილანკოვიჩის ციკლებს უწოდებენ.
სიმულაცია სამხრეთკორეულ სუპერკომპიუტერ ALEPH-ზე მიმდინარეობდა და თითქმის ექვს თვეს გაგრძელდა. შედეგად კი მოგვცა ამ დროისათვის ყველაზე გრძელი და სრულყოფილი კლიმატური მოდელის სიმულაცია.
ამის შემდეგ, მკვლევრებმა მონაცემები შეადარეს ჰომინინთა რამდენიმე სახეობის ნამარხებს — მათ შორის ჰომო ერექტუსს, ჰომო ჰაიდელბერგენსისს, ჰომო ნეანდერტალენსისს და სხვებს — და მოიცავს გეოქრონოლოგიურად შეზღუდულ 3000-ზე მეტ ჰომინინის ნამარხს და მათთან დაკავშირებულ მასალებს.
შედეგები მოგვითხრობს კომპლექსურ ამბავს დროთა განმავლობაში დედამიწაზე ჰომინინთა სხვადასხვა ჯგუფის სხვადასხვაგვარად გავრცელების შესახებ, მაგრამ ასევე მიუთითებს, რომ ადამიანის წინაპართა გაფანტვა მიბმული იყო ისეთ კლიმატურ ფაქტორებთან, როგორებიც არის ტემპერატურის მდგრადობა და საკვებზე ხელმისაწვდომობა.
„ჩვენი კვლევა ადასტურებს, რომ კლიმატმა ფუნდამენტური როლი ითამაშა ჩვენი გვარის, ჰომოს ევოლუციაში. ჩვენ ვართ ისინი, ვინც ვართ, იმიტომ, რომ შევძელით ათასწლეულების განმავლობაში შევგუებოდით წარსულის კლიმატურ ცვლილებებს“, — ამბობს ტიმერმანი.
მაგალითის სახით, მკვლევრები გვთავაზობენ, რომ შესაძლოა, სწორედ კლიმატურმა სტრესმა განაპირობა სამხრეთ აფრიკაში ჰომო საპიენსის აყვავება, მაშინ, როცა ჰომო ჰაიდელბერგენსისი გადააშენა. გარდა იმისა, რომ ადამიანის ევოლუციაში კლიმატური მონაცემების როლზე მიუთითებს, კვლევა უფრო შორსაც მიდის და ირწმუნება, რომ ადამიანის ადაპტაციაში ცვლილებები სრულად ვერ აიხსნება ეკოსისტემებზე მოქმედი კლიმატური ფაქტორების უფრო ფართო გაგების გარეშე.
„პლეისტოცენის ეპოქაში ჰომინინების ევოლუციის შესასწავლად, მხედველობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ კლიმატური სიგნალისა და მასთან დაკავშირებული ჰაბიტატის მდგრადობის სრული სივრცული და დროებითი კომპლექსურობა“, — წერენ მკვლევრები.
პეტრაგლიას განცხადებით, ასეთი იდეების ექსპერიმენტულად დადასტურებისთვის საჭიროა საველე სამუშაოები, ნამარხების გულდასმით შესწავლა, რათა აღმოვაჩინოთ იმ პალეოგარემო ინფმორმაციის კვალი, რაც ჯერ ნაპოვნი არ გვაქვს.
„ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი გასული ორი მილიონი წლის განმავლობაში კლიმატის ცვალებადობის ევოლუციური შედეგების შესახებ“, — ამბობს პერტაგლია.
მისივე განცხადებით, ეს კვლევა კარგ საწყის წერტილს გვთავაზობს, რომ შევამოწმოთ სხვადასხვა თეორია იმის შესახებ, როგორ განაპირობა კლიმატისა და ჰაბიტატის ცვლილებებმა ჰომინინის სახეობათა გამრავალფეროვნება და გაფანტვა.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.