თანამედროვე ადამიანის უძველესი ნამარხი შეიძლება იმაზე ძველი იყოს, ვიდრე გვგონია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
თანამედროვე ადამიანის უძველესი ნამარხი შეიძლება იმაზე ძველი იყოს, ვიდრე გვგონია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ადამიანის ევოლუციის კურსი არასოდეს ყოფილა შეუფერხებელი. აფრიკის კონტინენტზე ჰომინინების გამოჩენის ამბავი სავსეა გადახვევებით, მონაცვლეობებით, ხარვეზებითა და ჩიხებით, რაც ჩვენი საკუთარი სახეობის აღზევების ამბის კვლევას კიდევ უფრო ართულებს.

დღეს ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, როდის გამოჩნდა სცენაზე პირველი ჰომო საპიენსი, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-დასავლეთ ეთიოპიაში არსებული არქეოლოგიური ძეგლი ერთ-ერთი საუკეთესო მტკიცებულებაა.

1960-იან წლებში, პალეოანთროპოლოგმა რიჩარდ ლიკიმ იქ ნამარხთა უძველესი ნიმუშები აღმოაჩინა, რომლებსაც უდავოდ თანამედროვე ადამიანის ანატომია ჰქონდათ.

არსებობს ჰომო საპიენსისთვის მიკუთვნებული უფრო ძველი ნაშთებიც, ასობით ათასი წლის წინანდელი. თუმცა, ზღვარი ჩვენსა და ჩვენს წინაპრებს შორის მხოლოდ მცირე მახასიათებლებზე გადის; შედეგად, ნამარხი სახელად ომო I წარმოადგენს ცალსახად თანამედროვე ადამიანის საწყის წერტილს.

ჩვენი ამ დიდი ხნის წინანდელი წინაპრის ძვლებს სახელი მდინარე ომოს მიხედვით უწოდეს; ის მოლუსკის ნიჟარებთან ერთად იყო დამარხული და როგორც აღმოჩენისას დაათარიღეს, დაახლოებით 130 000 წლის წინანდელი უნდა ყოფილიყო.

მომდევნო ათწლეულებში, მიმდებარე ნიადაგის რადიოაქტიური დათარიღებით გაირკვა, რომ ის დაახლოებით 200 000 წლის წინანდელი უნდა იყოს. თუმცა, ეს თარიღიც კი შეიძლება არასწორი იყოს.

არქეოლოგიური ძეგლის ხელახალი გეოქიმიური ანალიზები მიუთითებს, რომ ომო I ვულკანური ფერფლის ორ ფენას შორის იყო ჩაჭყლეტილი, ზედა ფენა სავარაუდოდ 230 000 წლის წინ მომხდარი ამოფრქვევისას არის დალექილი. მკვლევართა მტკიცებით, ომო I სულ მცირე ამაზე უფრო ძველი უნდა იყოს.

„ნამარხები თანმიმდევრობით აღმოაჩინეს, ვულკანური ფერფლის სქელი ფენის ქვეშ, რომლის რადიომეტრული მეთოდით დათარიღებაც ვერავინ მოახერხა, რადგან ეს ფერფლი საკმაოდ წვრილმარცვლოვანია“, — განმარტავს კემბრიჯის უნივერსიტეტის ვულკანოლოგი სელინ ვიდალი.

მისი განცხადებით, ძალიან აღელდა, როდესაც შედეგები მიიღო და აღმოაჩინა, რომ ამ რეგიონის უძველესი ჰომო საპიენსი იმაზე უფრო ძველია, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.

ახალი შეფასება უფრო ეჭვგარეშეს ხდის, რომ ომო I აფრიკაში უძველესი ჰომო საპიენსია. მართალია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეთიოპია ჩვენი სახეობის აკვანი იყო ჯერ კიდევ 230 000 წლის წინ, იმ დროს, აფრიკაში უკვე არსებობდნენ სხვა ადრეული ადამიანებიც.

2017 წელს, მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მაროკოში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები 280 000 – 350 000 წლის წინანდელია.

იქ აღმოჩენილი თავის ქალები ჩვენს დღევანდელ თავის ქალაზე უფრო წაგრძელებულია, აქვს ოდნავ დიდი კბილები, რამაც ზოგიერთი მეცნიერი დააეჭვა, რომ ისინი ჰომო საპიენსისა არ არის და მიეკუთვნება ადამიანის „არქაულ“ სახეობას, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში იქამდე გავრცელდა, ვიდრე იქ ჩვენი უფრო პირდაპირი წინაპრები მივიდოდნენ და მათ ჩაანაცვლებდნენ.

მაროკოში აღმოჩენილი ამ ნამარხების დნმ ანალიზები წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ვიცით, რამდენად არიან ისინი ჩვენს სახეობასთან დაკავშირებული.

სულ მცირე 260 000 წლის წინ მომხდარ უძველეს გაყოფაზე მიუთითებს ბიჭის ძვლებიდან აღებული ნიმუშების გენეტიკური ანალიზიც. ეს ძვლები რამდენიმე ათასწლეულის წინანდელია, იმ პერიოდის, ვიდრე მიგრაციები დრამატულად შეცვლიდა აფრიკის პოპულაციების გენებს.

სულ სხვა საკითხია, სად მოხდა ეს გაყოფა. ამ ნამარხების მიხედვით, აღმოსავლეთ აფრიკა ადამიანის ევოლუციის მნიშვნელოვანი კერაა, მაგრამ შესაძლოა, ამ კონტინენტზე სადღაც სხვაგან, ჩვენი მსგავსი კიდევ უფრო ძველი ადამიანებიც დააბიჯებდნენ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.