გარდაცვლილი ექთნის ბიძა - ვფიქრობთ, მეგი ბაქრაძის ტელეფონი საგამოძიებო მოქმედებებში გამოადგებათ
გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ბიძა დღეს საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა. როგორც ტარიელ ბაქრაძემ განაცხადა, კითხვები იმ ტელეფონთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც დღეს გამოძიებას ოჯახის ადვოკატებმა მიაწოდეს. მისივე ინფორმაციით, ტელეფონის გამოძიებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ოჯახმა მიიღო.
„გვქონდა მეგის ტელეფონი. რაღაც მიმოწერა იყო მეგის მდგომარეობაზე, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ საგამოძიებო მოქმედებებში გამოადგებოდათ და მოვიტანეთ. ჩემთან ტელეფონზე ჰქონდათ მხოლოდ კითხვები.
ჩვენი პოზიცია ისაა, რომ ჯანმრთელი მივიდა, ეს ნემსი რომ არა, ცოცხალი და ჯანმრთელი იქნებოდა. ხელაღებით არავისზე ვამბობთ, უბრალოდ ვაქცინას ვუკავშირებთ. სიმართლე გვაინტერესებს“,- განაცხადა ტარიელ ბაქრაძემ.
გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატებმა გამოძიებას მეგი ბაქრაძის ტელეფონი დღეს გადასცეს. ადვოკატ ნინო ამაღლობელის განცხადებით, ტელეფონი საქმეში გახდება მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რადგან მისი ინფორმაციით, მასში სავარაუდოდ ასახულია სოციალურ ქსელში მიმოწერა მედიკოსებს შორის.
ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობა 18 მარტს, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.