თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკიდან რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდა
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკიდან რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზა კვლავ გრძელდება. მისივე თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით გასულ კვირას გაიმართა პროფესიული საბჭო, რომელმაც კლინიკაში გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებზე იმსჯელა.

თამარ გაბუნიას თქმით, პროფესიულმა საბჭომ კლინიკის მიმართ გასცა რეკომენდაცია, რომ ეთიკური, ასევე პროცედურული მხარის დარღვევა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩენილიყო.

გაბუნია ამბობს, რომ როგორც ჩანს, ამ რეაგირებას უკავშირდება 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკიდან რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება.

„ახალციხის კლინიკა „იმედში“ მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი კოლეგა მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას, რაც ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების პირველივე კვირას მოხდა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება ექსპერტიზა.

გასულ კვირას გაიმართა პროფესიული საბჭო, რომელმაც იმსჯელა იმ გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებზე, რომლებიც იქ დაფიქსირდა. გამოძიებამ ამის შესახებ დიდი ხნის წინ აცნობა საზოგადოებას. პროფესიული საბჭოს რეკომენდაცია ახალციხის კლინიკის მიმართ იყო, რომ ამ შემთხვევაში ეთიკური, ასევე პროცედურული მხარე, საქმის წარმოების მხარე დაირღვა, რაც მნიშვნელოვანია, რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

რა თქმა უნდა, პროფესიული საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება რომელიმე თანამშრომლის დანიშვნა ან გათავისუფლება, თუმცა აქცენტი გაკეთდა ეთიკური პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაზე და საბჭომ გასცა რეკომენდაცია სათანადო რეაგირების აუცილებლობის შესახებ. როგორც ჩანს, ეს რეაგირება იყო განხორციელებული ახალციხის კლინიკის მიმართ, დროებით, ვიდრე საბოლოოდ არ დადგინდება მიზეზები. ამის შემდეგ საბჭო კიდევ იმსჯელებს პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ დაისვა არაეთიკური და პროცედურული დარღვევების თემა, რამაც ვფიქრობ, გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. გათავისუფლება დროებითი ხელშეკრულების შეჩერებაა თუ რაიმე სხვა პირობა უდევს საფუძვლად, ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა საბჭოს რეკომენდაცია ეს ნამდვილად იყო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა კლინიკიდან, გაბუნია ვარაუდობს, რომ საუბარია ორ თანამშრომელზე.

„ამ შემთხვევაში საუბარი შეეხებოდა ექიმებს, ვინც კონკრეტულად იყვნენ ჩართული იმ პროცესებში. შესაძლოა, იყო ორი ან სამი კოლეგა, ნაწილი იქ უკვე აღარ მუშაობდა. არაეთიკურად ჩაითვალა საკითხი, რომ მიუხედავად ფაქტისა, ვინც იყო დარჩენილი კლინიკაში, რეგირების გარეშე განაგრძობდნენ პროფესიულ საქმიანობას. ვფიქრობ, ასეთი ორი შემთხვევა იყო“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საკითხზე საუბრის დასასრულს თამარ გაბუნიამ განმარტა, რა მოიაზრება პროცედურულ დარღვევებში და რა ჩაითვალა არაეთიკურ პრაქტიკად. გაბუნიას განცხადებით, პროცედურული დარღვევები სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენასთან იყო დაკავშირებული.

„პროცედურული დარღვევები იყო სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პროკურატურამაც გაავრცელა განცხადება, რაზეც საზოგადოებამ უკვე რამდენიმე თვის წინ შეიტყო. ამის მიუხედავად, პროფესიული საბჭო ელოდა საბოლოოდ გადაწყვეტილებას უკვე მკურნალობის ნაწილთან დაკავშირებით. ეს საკითხი ჯერჯერობით ღიაა. ამ შემთხვევაში ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ამაზე საბჭოს ჯერ არ უმსჯელია. მსჯელობა იყო მხოლოდ დოკუმენტაციის შეცვლასთან დაკავშირებით და ასევე რეგულირების სააგენტოსთვის შეცვლილი ინფორმაციის მიწოდებაზე. ეს ჩაითვალა არაეთიკურ პრაქტიკად და ამაზე იმსჯელა საბჭომ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.