მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი - კლინიკის სამი თანამშრომლისთვის ბრალის წარდგენა კითხვებს პასუხს არ სცემს, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ სხვა პირთა მიმართაც დადგეს პასუხისმგებლობა
მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი - კლინიკის სამი თანამშრომლისთვის ბრალის წარდგენა კითხვებს პასუხს არ სცემს, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ სხვა პირთა მიმართაც დადგეს პასუხისმგებლობა

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, გამოძიება კლინიკა „იმედის“ მხოლოდ სამი თანამშრომლის ბრალის წარდგენით არ უნდა შემოიფარგლოს.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, საქმეში იყოს უფრო მაღალი სტატუსის მქონე ადამიანების ბრალეულობა.

ადვოკატის განმარტებით, მთავარ კითხვებზე პასუხი კვლავ არ არის გაცემული.

„როგორც ვიცით, გავრცელებული ინფორმაციით, ბრალი წარედგინა კლინიკა „იმედის“ სამ თანამშრომელს ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. თუ ასე მოხდა რეალურად და ჩვენებები შეიცვალა, არა მარტო იმ სამი მოწმის მიერ, კიდევ არის მედპერსონალი, რომლებიც თავიდან აწოდებდნენ სხვა ინფორმაციას, შემდეგ აკორექტირებდნენ. ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ სხვა პირების მიმართაც დადგეს პასუხისმგებლობა. უწყების მიერ მათთვის ბრალის წარდგენა გარდაცვალების საკითხზე კითხვას არ სცემს პასუხს. საინტერესოა ოჯახისთვის, რომ ორდღიან შუალედში იცვლება ჩვენებები ისეთი გარემოებების მითითებით, რაც ვერ დადგინდებოდა, თუ მოწმეები არ იტყოდნენ.

ერთმა პირმა, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მეგი ბაქრაძეს დახმარების აღმოჩენის დროს არ გაუკეთდა ადრენალინი და შემდეგ ეტაპზე გაუკეთდა. ეს ვერ დადგინდებოდა ექსპერტიზით, თუ მოწმეები არ იტყოდნენ. ამიტომ ეჭვი გვაქვს მოწმეებზე, მოხდა ზეწოლა, თავად მიაწოდეს მამხილებელი ჩვენება და შეუძლებელი იქნებოდა ამის დადგენა. მოწმეებზე თუ მოხდა ზეწოლა და შეაწმინდეს ხელი, რისი ეჭვიც აქვს ოჯახს, ამ შემთხვევაში პრობლემა უფრო გლობალურია. ეს არ უნდა შეეხოს კლინიკის დაბალი ფენის ექიმებს და ექთნებს, ყველა, ვისი ბრალეულობაც არის, ვინც ვერ დაიცვა წესები, უფრო მაღალ ფენებში თუ იყო პრობლემა, მათზე ხელის შეწმენდა არასწორია“, – განაცხადა ნინო ამაღლობელმა.

რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, მეგი ბაქრაძის ოჯახი აცხადებს, რომ სამი მედიკოსის დაკავებით გამოძიება ცდილობს, შედარებით დაბალი სტატუსის მქონე თანამშრომლებს ხელი შეაწმინდოს. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა. მეგი ბაქრაძის მეუღლე ამბობს, რომ ოჯახისთვის მნიშვნელოვანია ექთნის გარდაცვალებასთან კავშირში მყოფმა ყველა პირმა ამ საქმეზე პასუხი მკაცრად აგოს.

„ვიცოდი, რომ დაბალ ღობეზე გადატყდებოდა. სამარცხვინო ამბებია. თავიდან სხვა ჩვენება მისცეს, მერე შეცვალეს. სამარცხვინოა ქვეყნისთვის, საავადმყოფოსთვის, ჯანდაცვისთვის. მაშინ მათ მოუკლავთ, ჯანმრთელი მივიდა. პირველი აცრა გაკეთდა მეგისი მანდ, რომ ამბობდნენ მეოცე იყოო. ვიოლა იყო მანდ პირველი, ალბათ მისცეს ვიოლას გადასახადი, როგორც უნდა ისე ალაპარაკებენ. კლინიკის დანაშაულია, მზად არ იყვნენ, ვერ გამოიყვანეს პაციენტი შოკიდან. აფციური არ იყო თავის ადგილას, რომ ამბობს ორ წუთში მივედიო. თუ ყველაფერი გააკეთეს როგორ ვერ გამოიყვანეს? დირექციას უნდა წარედგინოს ბრალი, ვნახოთ, დაველოდები გამოძიებას, ჩამოვიდეს დასკვნა. იგვიანებს ექსპერტიზის დასკვნა“, – განაცხადა მანუჩარ კობახიძემ.

საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.