მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები გამოძიების მასალებზე წვდომის შეზღუდვას აპროტესტებენ
მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები გამოძიების მასალებზე წვდომის შეზღუდვას აპროტესტებენ

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომა შეეზღუდათ. მიზეზი კი ამ მასალების მედიაში გასაჯაროების საშიშროებაა. შესაბამისი დადგენილება, რომელიც საგამოძიებო უწყებამ ადვოკატებს გააცნო, „მოამბემ“ მოიპოვა.

დადგენილებაში წერია, რომ საწყის ეტაპზე უფლებადამცველებს გადაეცათ სისხლის სამართლის საქმის გარკვეული მასალები, თუმცა ბოლო მოთხოვნის შესაბამისად, მათ უარი ეთქვათ, რადგან ამან შესაძლოა, დააზიანოს გამოძიების ინტერესები. ასევე დადგენილებაში წერია, რომ მეგი ბაქრაძის ოჯახს პრეტენზიები აქვს კლინიკა „იმედთან“, მასალების გასაჯაროებამ კი, შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ ოჯახმა მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს.

„მოპოვებული ინფორმაციის ამ ეტაპზე დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის გადაცემამ შესაძლოა, დააზიანოს გამოძიების ინტერესები. კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ საქმეზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მედიასაშუალებებში დაზარალებულის უფლებამონაცვლე ადვოკატების მონაწილეობით, ხშირად ხდება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა. შესაძლოა, ამ მასალების გადაცემამ გამოიწვიოს მათი გასაჯაროება“, – წერია დადგენილებაში.

დადგენილებას აპროტესტებენ ადვოკატები, რომლებიც აცხადებენ, რომ საგამოძიებო უწყებას არ ჰქონდა უფლება მსგავსი მიზეზით მათთვის უარი ეთქვა. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, უარი დაუსაბუთებელია, რადგან მოწმეები უკვე გამოკითხულები არიან.

„რეალურად, ამ დადგენილებაში სამი ნაწილია – 22 მარტამდე ვაწვდიდით ინფორმაციებსო. რეალურად, 22 მარტი არის მეხუთე დღე ვაქცინაციიდან. პრაქტიკულად, მანამდე თუ უწყებას არც ერთი ოქმი არ ჰქონდა, მოწმეები არ ჰყავდათ გამოკითხული, იმ ხუთი დღის განმავლობაშიც ხომ იქნებოდა იგივე არგუმენტი და იგივე თემა? მაშინ გვაძლევდნენ და ახლა არა? აპელირება ოჯახზე და ხელის შეწმენდა უხერხულია. რა გამოდის? ყველა მტკიცებულებაზე გვქონდა მანამდე წვდომა. თუ ჩვენი შუამდგომლობები კმაყოფილდებოდა ხუთი დღის განმავლობაში და საფრთხე მანამდე არ იყო, დღეს რატომ ხედავს გამოძიება საფრთხეს? ეს მოწმეები უკვე გამოკითხულები არიან. ოჯახს კლინიკის მიმართ აქვს პრეტენზიები. ჩვენ არ გვინდა წინასწარი დასკვნები, მაგრამ თავად საგამოძიებო უწყების მხრიდან ხდება მოწმეებზე ზემოქმედება და მტკიცებულებების განადგურება. სამედიცინო დოკუმენტაციაში კლინიკა „იმედის“ მიერ არის გაყალბებული დროები“, – განაცხადა ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.