მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიებად 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიებად 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარე თითოეულის შემთხვევაში 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. სასამართლო სხდომა 31 მაისს 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებმაც ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

პროკურტურის ცნობით, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები, აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა, გამოძიების ინფორმაციით, იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძეს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის  ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ.