განათლების და სპორტის კომიტეტებმა სამინისტროების სტრუქტურული რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს
პარლამენტის განათლების და სპორტის კომიტეტებმა სამინისტროების სტრუქტურულ რეორგანიზაცისთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს.
დეპუტატებს ცვლილებები მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გააცნო. განათლების კომიტეტის წევრებმა დეპუტატ რევაზ არველაძის წინადადებას მხარი დაუჭირეს, რომ სამინისტროების გაერთიანების შემთხვევაში, სახელწოდება „მეცნიერების“ კომპონენტი დაემატოს და იყოს – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა საკუთარი წინადადების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროების გაერთიანების შემთხვევაში, პირველი მოადგილის სტატუსი მიენიჭოს გაერთიანებული უწყების მინისტრის მოადგილეს, რომელიც კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ სამინისტროების გაერთიანების შემთხვევაში მათი სფეროების დაფინანსების საკითხითაც, რაზეც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ უწყებების დაფინანსება არ შემცირდება.
კენჭისყრისას, განათლების კომიტეტის რვა წევრმა სამინისტროების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ცვლილებათა პაკეტს მხარი დაუჭირა, მარიამ ჯაშმა კი, თავი შეიკავა.