დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, როდის განაახლებს მუშაობას „გალერია თბილისი“
სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის” შენობაში სისტემის შემოწმება მიმდინარეობს და დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, როდის განაახლებს სავაჭრო ცენტრი მუშაობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გალერია თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ქეთა ახობაძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ საღამოს „გალერია თბილისის“ ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთი დანადგარი აალდა, რის გამოც შენობის დაკვამლიანება მოხდა.
„ჩვენი ტექნიკური სამსახურის მიერ ძალიან სწრაფად მოხდა ცეცხლის ჩაქრობა და ასევე, დაუყოვნებლივ მოხდა შენობაში მყოფი ხალხის ევაკუაცია. ჯერ უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს მოკვლევა. არ დაშავებულა საბედნიეროდ არავინ და არ დაზიანებულა ქონება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სისტემების შემოწმება და როდის გაიხსნება სავაჭრო ცენტრი, ამას დღის განმავლობაში დავაანონსებთ“, – განაცხადა ქეთა ახობაძემ.
15 აგვისტოს „გალერია თბილისის“ ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ალი, რის გამოც სავაჭრო ცენტრის შენობის დაკვამლიანება მოხდა. განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.