გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის ფასების ინდექსმა აპრილში წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის ფასების ინდექსმა აპრილში წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსმა აპრილში წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 170 ქულა შეადგინა. ინდექსი სამომხმარებლო კალათის ხუთ ძირითადი პროდუქტზე – რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი, საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს მსოფლიოში.

როგორც ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, აპრილში ქულა რძისა და ხორცპროდუქტების ფასების ცვლილების ხარჯზე გაიზარდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მარტის თვესთან შედარებით, აპრილში ფასების ინდექსი 1.5 პროცენტითაა მომატებული, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდის ნიშნულთან შედარებით 2.3 პროცენტით ნაკლებია. ფასების ზრდა შეეხო სამომხმარებლო კალათის თითქმის ყველა პროდუქტს, გარდა მარცვლეულისა, რაც ორგანიზაციის განმარტებით, განპირობებული იყო მარცვლოვანი კულტურების კარგი მარაგებით, რის გამოც აღნიშნულ კულტურებზე ფასები შემცირდა.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, უკვე მეოთხე თვეა, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი იზრდება. მარტის თვესთან შედარებით, აპრილში მაჩვენებელი 5.2 პროცენტით არის მომატებული, რაც გაზრდილი მოთხოვნითა და ოკეანეთის ქვეყნებიდან მიწოდების შემცირებითაა განპირობებული.

„3.0 პროცენტით არის გაზრდილი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხორცის ფასის ინდექსი, რის უმთავრეს მიზეზს აზიაში, კერძოდ კი, ჩინეთში ღორის ხორცზე გაზრდილი მოთხოვნა წარმოადგენს. ჩინეთში აღნიშულ პროდუქტზე მოთხოვნის ზრდა ქვეყანაში ღორის აფრიკული ცხელების დაავადების აფეთქებით და სწრაფი გავრცელების შედეგია“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა ხორცის სახეობებზე – ფრინველის, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ხორცზე ფასების ცვლილება აპრილში არ დაფიქსირებულა. ამასთან, მცირედით, 0.9 პროცენტითაა გაზრდილი მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი. გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია განმარტავს, რომ თუ პალმის ზეთზე ფასის ზრდა მომატებული მოთხოვნითა და მიმწოდებელ ქვეყნებში მარაგების სიმცირემ განაპირობა, სოიოს ზეთის შემთხვევაში, ფასის ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სოიოს ზეთის მოჭარბებულმა გამოყენებამ გამოიწვია.  შაქრის ფასის ინდექსი კი, 0.8 პროცენტითაა გაზრდილი, რაც ორგანიზაციის შეფასებით, ერთ-ერთ უმსხვილეს შაქრის მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში შაქრის ლერწმის ეთანოლის წარმოებაში გამოყნებამ განაპირობა.