ისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს
ისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს

ისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. ისრაელის მედიის ცნობით, სხდომა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გაიმართება.

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების მოთხოვნით, საბჭოს პრეზიდენტს წერილი გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაუგზავნა. წერილში ერდანმა სთხოვა საბჭოს, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.