გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან ​სამუშაო შეხვედრა გამართა
გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან ​სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, საბინე მახლის უმასპინძლა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდობის პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხი, სასკოლო სივრცეში მშვიდობის განათლების ინტეგრირების პერსპექტივები და განათლების სხვადასხვა საფეხურზე თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

„გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა საბინე მახლის არაერთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერისთვის, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროსა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით განხორციელდა.

თავის მხრივ, საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა“, –  ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს.

სამუშაო შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ესწრებოდა.