გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ წარადგენს
გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ წარადგენს

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია დღეს თბილისში ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ წარადგენს.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, იმ ძირითად მიგნებებსა და დასკვნებზეც იმსჯელებენ, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში CRRC-საქართველოს მიერ ქალთა ეკონომიკური აქტივობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა.

„პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ქალების, განსაკუთრებით კი ღარიბი და მოწვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ჩართულობის მხარდაჭერას.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდება, რათა სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელმა ქალებმა შეიძინონ თუ გააძლიერონ უნარები და გამოიყენონ ეკონომიკური შესაძლებლობები. ამ მიზნით, გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია საკანონმდებლო და სამთავრობო უწყებებთან ითანამშრომლებს“, – აცხადებენ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობაში.

მათივე ცნობით, საქართველოში პროექტი სამ სამიზნე რეგიონში – კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ახალი პროექტის წარდგენა თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ 09:45 საათზე გაიმართება.