ალექსანდრე დარახველიძემ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
ალექსანდრე დარახველიძემ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესახებ.

შსს-ს ინფორმაციით, ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა სექსუალური ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ განსახორციელებელი რეაგირების სტანდარტებზე, პოლიციაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და გამოწვევებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, მართლმსაჯულების განხორციელებისას, სექსუალური ძალადობის დანაშაულთა სპეციფიკური ბუნების გათავისების აუცილებლობას და ასეთი კატეგორიის საქმეებზე მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენების მნიშვნელობას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სექსუალურ ძალადობაზე სათანადო სამართალწარმოების განხორციელება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ, სამინისტროში უკვე გადაიდგა ხელშესახები ნაბიჯები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელს სექსუალური ძალადობის ეფექტიანი გამოძიების წარმოების თაობაზე განხორციელებული გამომძიებელთა სპეციალიზაცია, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულის 232 პოლიციელს სპეციალიზებული გამომძიებლის სტატუსი მიენიჭა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო წელსაც უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან გლობალურ კამპანიას და კიდევ ერთხელ გმობს მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას, რაც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ქალებთა სრული თანასწორუფლებიანობის მიღწევის პროცესში. აღნიშნული შეხვედრა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.