„ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს“ - გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია პუბლიკაციის პრეზენტაციასა და ფოტოგამოფენას გამართავს
„ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს“ - გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია პუბლიკაციის პრეზენტაციასა და ფოტოგამოფენას გამართავს

როგორ ცვლიან სოფლად მცხოვრები ქალები საკუთარი ოჯახების, სოფლებისა და თემების ცხოვრებას უკეთესობისკენ და რა სირთულეების გადალახვა უწევთ მათ – ამ თემებს ეხმაურება პუბლიკაცია „ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს“, რომელსაც გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია 11 მარტს ახალციხეში წარადგენს.

ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოცემის პრეზენტაციის პარალელურად, ამავე სახელწოდების ფოტოგამოფენაც გაიმართება.

„ღონისძიებას დაესწრებიან გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი ბარბარა ბონი, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია 2013 წლიდან, სოციალური მობილიზაციის დახმარებით, სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე მუშაობს, მხარს უჭერს მათ, მუდმივად მონაწილეობდნენ ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრასა და ბიუჯეტის შედგენაში.

შედეგად, ქალები მოხალისეობრივ აქტივიზმში ერთვებიან, თვითდახმარების ჯგუფებს ქმნიან, საჭიროებების კვლევებს ატარებენ და მათ მრგვალი მაგიდის შეხვედრების ფორმატით ადგილობრივ თვითმმართველობებთან წარადგენენ, შემდეგ კი ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ.

სოციალური მობილიზაციის მონაწილე ქალებმა უკვე არაერთი ინიციატივა განახორციელეს. საკუთარი აქტიურობით მოტივაცია სხვა ქალებსაც მისცეს და არა მარტო საკუთარი, არამედ სოფლების ყოველდღიურობაც გაამრავალფეროვნეს. პუბლიკაციაში გაერთიანებული ამბები და ფოტოები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების შესახებ არის მომზადებული და სწორედ მათ ღვაწლს წარმოაჩენს. ისინი ასახავენ შთამბეჭდავ ცვლილებებს და ნათლად წარმოაჩენენ, რომ ქალებს მართლაც დიდი ძალა აქვთ.

ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ნაწილია. იგი გაიმართება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის – „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით“, –  აღნიშნულია გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.