საქართველო „თანასწორობის თაობის“ გლობალურ მოძრაობას უერთდება
საქართველო „თანასწორობის თაობის“ გლობალურ მოძრაობას უერთდება

საქართველო „თანასწორობის თაობის“ გლობალურ მოძრაობას უერთდება და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის ახალ ვალდებულებებს იღებს.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს ვალდებულებები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევის გაფართოებას, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას და ამ სექტორში ქალთა გააქტიურებით გენდერული თანასწორობის გაძლიერებას გულისხმობს.

„აღებული ვალდებულებების შესახებ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ოფიციალურად 29 ივნისს, საფრანგეთის საელჩოს, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისების მიერ ინიცირებულ ღონისძიებაზე გამოაცხადებენ. მას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა წინ უსწრებს თანასწორობის თაობის პარიზის ფორუმს, რომელსაც 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს. ღონისძიების თანაორგანიზატორები კი გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია და მექსიკის მთავრობა იქნებიან. როგორც ცნობილია, პარიზის ფორუმში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს.

გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის, საბინე მახლის განცხადებით, თანასწორობის თაობის მოქმედებათა კოალიციები, მათთვის დამახასიათებელი მიდგომებითა და ამბიციებით, განსაკუთრებულ პლატფორმას წარმოადგენენ.

„ისინი შეგვახსენებენ, რომ გენდერული თანასწორობა არა უბრალო მიზანი, არამედ კრიტიკული წინაპირობაა პლანეტის გადარჩენის, ქალებისა და გოგოების უფლებების რეალიზებისა და იმგვარი ახალი ეკონომიკური და სოციალური სისტემების შექმნისთვის, რომლებიც ყველასთვის შედეგის მომტანია“, – განაცხადა მახლმა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, თანასწორობის თაობის ფორუმი ქალებსა და კაცებს, გოგოებსა და ვაჟებს შორის თანასწორობას პოსტკოვიდური რეკონსტრუქციის დღის წესრიგის სათავეში აქცევს.

„იგი 30 ივნისიდან 2 ივლისამდე, პარიზში, მრავალ ქვეყანას, საერთაშორისო ორგანიზაციას, ასოციაციასა თუ კერძო პარტნიორს ამბიციური ვალდებულებების ასაღებად და მიზნობრივი სამოქმედო კოალიციების შესაქმნელად მოუყრის თავს. მოხარულები ვართ საქართველოს მონაწილეობით უმაღლეს დონეზე და იმ მნიშვნელოვანი წვლილით, რომელიც მას ფორუმის წარმატებაში შეაქვს. ეს მონაწილეობა ხაზს უსვამს საფრანგეთს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული საერთო იდეალების ხარისხს“, – აღნიშნავს კოლასი.

ღონისძიებაზე საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი საფრანგეთის საელჩოს ადამიანის უფლებების ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულსაც გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ წელს ჯილდოს აქცენტი სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაა. საფრანგეთის მთავრობის გლობალურ პრიორიტეტს თანასწორობის თაობის ინიციატივაში სწორედ აღნიშნული თემა წარმოადგენს.

მოძრაობა „თანასწორობის თაობა“ გაერო-ს ინიციატივით, მიმდინარე წლიდან დაიწყო. იგი მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ის გამოწვევებით შეცვლილ სინამდვილეში ქალთა უფლებებისთვისა და გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის ახალ სივრცეს ქმნის. მოძრაობა ქალთა უფლებების დაცვის ყოვლის მომცველ დოკუმენტს — პეკინის დეკლარაციასა და მოქმედებათა პლატფორმას ეყრდნობა. მოძრაობის განვითარებაზე გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია, გაერო-ს მოსახლეობის ფონდი და საქართველოში საფრანგეთის საელჩო ერთიანი ძალისხმევით ზრუნავენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.