საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან მშვიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში ქალთა გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან მშვიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში ქალთა გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ირენ ფელინთან მშვიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში ქალთა გაძლიერების საკითხები განიხილა, – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ქალების როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ალიანსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ასევე, ხაზი გაესვა პოლიტიკაში ქალი ლიდერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას. ასევე, ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საკითხების განხილვისას აღინიშნა, რომ ქალთა გაძლიერება განათლების დონის ამაღლებით უნდა განხორციელდეს.

პრეზიდენტმა სტუმარი თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც ივლისში ჩატარდება. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფერენციაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.