გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ახალი კვლევა - იძულებით გადაადგილებული ქალები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ახალი კვლევა - იძულებით გადაადგილებული ქალები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან

პირველად საქართველოში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ იძულებით გადაადგილებული ქალების განწყობების კვლევა ჩაატარა, თუ როგორია მათი დამოკიდებულებები კონფლიქტების მოგვარების გზების, შერიგებისა და მშვიდობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში იძულებით გადაადგილებული ქალების უმრავლესობა – 87% ფიქრობს, რომ კონფლიქტი აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, 88% – აფხაზ მოსახლეობასთან, 85% კი ოს მოსახლეობასთან შერიგების მომხრეა.

„კვლევაში მონაწილე ქალებს მიაჩნიათ, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ყველაზე მეტად ახალგაზრდების, მათ შორის ახალგაზრდა ქალების დამეგობრება (55%) და აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმოსვლის გამარტივება (53%) შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებული ქალები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გამოხატავენ ინტერესს, ჩაერთონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საჭირო აქტივობებში, მონაწილეობა მიიღონ ქართულ-აფხაზურ ან ქართულ-ოსურ დიალოგებში.

იძულებით გადაადგილებულ ქალებს უნიკალური გამოცდილება და გამოწვევები აქვთ, რის გამოც კონფლიქტის მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებული ეფექტიანი პოლიტიკისთვის მათი შეხედულებების გათვალისწინება აუცილებელია.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ 228 951 იძულებით გადაადგილებულ პირს შორის 100 628 ქალია, თუმცა მათი თანაბარი, სრული და ეფექტიანი მონაწილეობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და შერიგების პროცესებში გამოწვევად რჩება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კვლევა საქართველოში პირველად გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მისი შედეგების პრეზენტაცია 27 თებერვალს გაიმართება.