ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ქართული საბავშვო წიგნების მიღება დაიწყო
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ქართული საბავშვო წიგნების მიღება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.
მიღებული წიგნები 2018 წლის 10-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ქართული საბავშვო წიგნების სტენდზე გამოიფინება.
კიდევ ერთი ეროვნული სტენდისთვის, რომელიც დიზიანისა და ხელოვნების სივრცეში იქნება განთავსებული, ასოციაცია ხელოვნებისა და დიზაინის შესახებ შექმნილი წიგნების მიღებას აცხადებს. ამ სტენდისთვის შეირჩევა როგორც ალბომები, ისე ილუსტრირებული გამოცემები, ფოტო-წიგნები, Art Book-ები და სხვა. მიიღება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოცემული ქართველი ავტორების მიერ შექმნილი წიგნები.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის 100 სახელოვნებო და 50 საბავშვო წიგნი შეირჩევა და მათზე ინფორმაცია 2018 წლის მაისში გავრცელდება. უარის შემთხვევაში, წიგნები შესაბამის პირებს უკან დაუბრუნდებათ.
დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი გამოცემები წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას არაუგვიანეს 31 იანვრის 18:00 საათამდე უნდა მიაწოდონ.