ქართველი ავტორები 27 ოქტომბერს საჯარო სკოლებს ესტუმრებიან
ქართველი ავტორები 27 ოქტომბერს საჯარო სკოლებს ესტუმრებიან

„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 27 ოქტომბერს, თბილისის საჯარო სკოლების სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განხორციელდება პროექტი „ავტორები სკოლებში“.

როგორც „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი აცხადებს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, აუცილებელია, ახალგაზრდა თაობას არა მხოლოდ წიგნთან წვდომის შეუზღუდავი შესაძლებლობა ჰქონდეს, არამედ, მსგავსი ტიპის შეხვედრებით, ლიტერატურის სამყარო უშუალოდ დაინტერესდნენ.

„ვფიქრობ, ავტორებთან შეხვედრა მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ ინტერესს გაუჩენს, წაიკითხონ წიგნები, იარონ ბიბლიოთეკებში და კარგ მკითხველად ჩამოყალიბდნენ“, – განაცხადა ნინია მაჭარაშვილმა.

ამასთან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, გვანცა ჯობავას თქმით, რამდენიმე თვის წინ თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით შეივსო.

„ამჯერად გადავწყვიტეთ, ის ქართველი ავტორები, რომელთა წიგნებიც ყველაზე მეტმა სკოლამ აირჩია, მოსწავლეებს პირადად შევახვედროთ. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ახალი წიგნები ხელუხლებლად არ დარჩეს ბიბლიოთეკების თაროებზე და მათ, რაც შეიძლება, მეტმა მოსწავლემ თუ მასწავლებელმა მიაკითხოს, რასაც შეხვედრები საყვარელ ავტორებთან და მათგან რეკომენდაციების მიღება, აუცილებლად შეუწყობს ხელს. გვჯერა, რომ თანამედროვე ქართველი ავტორების სტუმრობა სკოლებში პირდაპირი გზაა ახალ თაობაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა გვანცა ჯობავამ.

„პროექტისთვის შერჩეულია თბილისის სხვადასხვა უბნის 20 სკოლა, სადაც თითო ავტორი, დაახლოებით, ორსაათიან შეხვედრა-ლექციას ჩაატარებს. ავტორები, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის კიდევ ერთი ერთობლივი პროექტის, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების შედეგებზე დაყრდნობით შეარჩიეს. მათ შორის არიან: გიორგი კეკელიძე, დიანა ანფიმიადი, გურამ პეტრიაშვილი, ნატო დავითაშვილი, ნინო სადღობელაშვილი, ლელა ცუცქირიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ლევან ბრეგაძე, ნინო ჭიპაშვილი (ნეფერტარი), თამარ გეგეშიძე, მარიამ წიკლაური,გურამ მეგრელიშვილი, ტორესა მოსი, ბექა ადამაშვილი და ლელა კოტორაშვილი.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდა მკითხველმა უკეთესად გაიცნოს თანამედროვე ქართული მწერლობა და ავტორები, მეტი გაიგონ ლიტერატურული პროცესების შესახებ, დაუახლოვდნენ წიგნის სამყაროს, გამოიმუშაონ ბიბლიოთეკაში სიარულის ჩვევა. ასევე, ავტორებთან პირისპირ გასაუბრების მეშვეობით, შეიტყონ მსოფლიო მწერლობასა და სხვადასხვა სახელოვნებო სფეროებში მიმდინარე პროცესების შესახებ, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები, მიიღონ პასუხები და გამოთქვან საკუთარი დამოკიდებულება“, – აღნიშნულია „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი