ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს პავილიონი ოფიციალურად გაიხსნება
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს პავილიონი ოფიციალურად გაიხსნება

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საპატიო სტუმარი ქვეყნის – საქართველოს პავილიონი ოფიციალურად დღეს გაიხსნება.

საპატიო სტუმარი ქვეყნის, საქართველოს პავილიონის გახსნის ცერემონიალი დღეს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართება. პავილიონს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნიან. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამა პავილიონში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით გაიხსნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უნიკალური ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ვიდრე ნიუ იორკში გაერო-ს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას, დღეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.

გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters/ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგება, რომელიც, ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

9-14 ოქტომბრის დღეებში ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება. საქართველოს პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.

საქართველოს პავილიონი, პროექტის ძირითად კონცეფციაზე დაყრდნობით, სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიზაინერმა გია ბოხუამ შექმნა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მისი პროგრამა შინაარსობრივად მრავალფეროვანი და ინტერაქტიულია.

პავილიონში მოწყობილ ორ სცენაზე 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს, გაიმართება დისკუსიები და ლიტერატურული კითხვები. პავილიონში ასევე მოწყობილია სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე სივრცე, სადაც უცხოელ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ ლიტერატურას და კულტურას, მოუსმინონ ქართულ ხმოვანებას, დაათვალიერონ მაგნუმის ცნობილი ფოტოგრაფების გამოფენა თბილისის შესახებ. პავილიონში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გამოიფინება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემა, ასევე უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი.

მულტიმედიურ სივრცეში დამთვალიერებელი სპეციალური ვიდეორგოლების საშუალებით იხილავს თანამედროვე ქართველი ავტორების მიერ გამოხატულ სხვადასხვა ემოციას. პავილიონის სტუმრებს საშუალება ექნებათ, სპეციალურ ღია ბარათებზე ქართული ასონიშნები დაიტანონ და მათთვის სასურველი მინაწერები გააკეთონ. ყოველი დღის ბოლოს ქართულ პავილიონში, მასშტაბურ ლიტერატურულ პროგრამასთან ერთად, საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური და კულინარიული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. პავილიონის სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას ბექა გოჩიაშვილის ჯაზბენდი, ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე, დიჯეი გიგი ჯიქია და Masterknot-ი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ გააცნობს.

საპატიო სტუმარი ქვეყნის კვირეულის ლიტერატურული პროგრამა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე პროექტის ლიტერატურული სპიკერების, აკა მორჩლაძისა და ნინო ხარატიშვილის გამოსვლით დაიწყება. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მხოლოდ კვირეულში 72 ქართველი ავტორის 350 ლიტერატურული ღონისძიებაა დაგეგმილი. ქართული ლიტერატურა უცხოელი მკითხველის წინაშე 33 ჟანრობრივად მრავალფეროვანი სერიით წარდგება. ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების გერმანულენოვანი თარგმანების კითხვა/პრეზენტაციები საქართველოს პავილიონში, ბაზრობის სხვადასხვა სივრცესა და სცენაზე და ფრანკფურტის ლიტერატურულ ინსტიტუტებსა და კაფე-სალონებში, ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში, ყველა მნიშვნელოვან ლიტერატურულ ფესტივალზე გაიმართება. კვირეულის განმავლობაში, ქართველ ავტორებს აკა მორჩილაძეს, ნინო ხარატიშვილს, ლაშა ბუღაძესა და ნანა ექვთიმიშვილს მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ პლატფორმაზე – Das Blaue Sofa ყოველდღიურად უმასპინძლებენ.

პროექტის ფარგლებში ბაზრობის ტერიტორიაზე სხვადასხვა თემატურ დარბაზში მოეწყობა სხვადასხვა შინაარსის ქართული სტენდები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული საგამომცემლო და სამეცნიერო პროგრამები, საბავშვო ლიტერატურა, ახალგაზრდა ილუსტრატორების გამოფენები, ინოვაციური პროექტები. მოეწყობა ტურიზმის ადმინისტრაციის, ღვინის სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს სტენდები.