ფრანგული საინვესტიციო ჯგუფი „აქსა“ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროცესიდან გავიდა
ფრანგული საინვესტიციო ჯგუფი „აქსა“ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროცესიდან გავიდა

ფრანგული სადაზღვევო და საინვესტიციო ჯგუფი „აქსა“ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროცესიდან გავიდა. ამის შესახებ ნათქვამია საინვესტიციო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „აქსა ჯგუფმა“ შესაბამისი გადაწყვეტილება „სხვა კომპანიების კვალდაკვალ მიიღო“. ამასთან, ამ სხვა კომპანიების სახელები დოკუმენტში არ არის დასახელებული.

მანამდე, რუსულ გაზსადენში ინვესტიციების დაბანდების დასრულების შესახებ განაცხადა გერმანულმა ნავთობისა და გაზის კომპანია „უინტერშელმაც“. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის კონსორციუმთან თანამშრომლობა შეწყვიტა სადაზღვევო კომპანია „მიუნიქ რე სინდიკატმაც“.

19 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს 18 კომპანია ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყვანის წინააღმდეგ გამოდის აშშ, ასევე უკრაინა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

მათი თქმით, ეს გაზსადენი გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ ბუნებრივ აირზე.