გერმანიამ და აშშ-მა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს
გერმანიამ და აშშ-მა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს

გერმანიამ და აშშ-მა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ნათქვამი ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ისა და გერმანიის ამ შეთანხმებას წინ უძღოდა კანცლერ ანგელა მერკელის ბოლო ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში.

შეთანხმებაში მხარეები უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად დაწესდება, თუ ის ენერგორესურების გამოყენებით გეოპოლიტიკური გავლენის მოპოვებას შეეცდება.

„თუ რუსეთი შეეცდება ენერგორესურების იარაღად გამოყენებას ან გააგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, გერმანია იმოქმედებს როგორც ინდივიდუალურად, ისე მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას ევროპულ დონეზე, მათ შორის სანქციებს, რომლითაც რუსეთიდან ევროპის ენერგეტიკულ სფეროში ექსპორტის შესაძლებლობები შეიზღუდება, მათ შორის ბუნებრივი აირის და სხვა რელევანტურ ეკონომიკურ სექტორებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და გერმანიის შეთანხმებას კონსტრუქციული უწოდა. მან ასევე დადო პირობა, რომ გერმანია დაეხმარება უკრაინას მწვანე ენერგოსექტორის მშენებლობასა და მომავალ ათწლეულში გაზის ტრანზიტის უზრუნველყოფაში“ – დაწერა ჰაიკო მაასმა „ტვიტერში“.

შეთანხმების მიხედვით, გერმანია და აშშ უკრაინას მილიარდ დოლარს გამოუყოფენ. ეს თანხა უკრაინის ენერგოსექტორის რეფორმირებას მოხმარდება.

ბერლინი ასევე დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც რუსეთთან უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეთანხმების 10 წლით გახანგრძლივების მოლაპარაკებებში ჩაერთვება.

რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ უკრაინა, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი გაზსადენის ამოქმედების შედეგად ევროპა უფრო მეტად იქნება დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე.

დღესვე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ 31 აგვისტოს აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი შედგება.

გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციამ კი გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმების გასაჯაროებამდე ანგელა მერკელი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

დატოვე კომენტარი