მედიის ინფორმაციით, აშშ-მა და გერმანიამ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს
მედიის ინფორმაციით, აშშ-მა და გერმანიამ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და გერმანიამ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯოურნალი“ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმებით, რომელიც მალე გამოცხადდება, შესაძლებელი გახდება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანის დასრულება.

„უოლ სთრით ჯოურნალის“ ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ფაქტობრივად უარს იტყვის რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით ხისტ პოზიციაზე, ხოლო გერმანია დათანხმდება, დაეხმაროს უკრაინას ენერგეტიკულ პროექტებსა და დიპლომატიაში. როგორც მედია წერს, აშშ-სა და გერმანიის შეთანხმება ითვალისწინებს გაზსადენის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს.

ამასთან ერთად, გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინელ კოლეგებს მოუწოდა, რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით აშშ-სა და გერმანიის მომავალი შეთანხმების კრიტიკისაგან თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ გამოდის. კიევში მიიჩნევენ, რომ ამ გაზსადენს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენებს. ანალოგიური პოზიცია აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს და პოლონეთს.