აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს აწესებს
აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს აწესებს

აშშ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს აწესებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

ბლინკენის ცნობით, სანქციები დაუწესდება გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე ორ ხომალდს და რუსეთთან დაკავშირებულ კომპანია „ტრანსადრიას“. შესაბამისი ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს უკვე წარუდგინა.

„იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაცია კვლავ ეწინააღმდეგება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს, მათ შორის ჩვენი სანქციებით, ჩვენ განვაგრძობთ გერმანიასთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას, რათა შევამციროთ ის რისკები, რომლებიც გაზსადენი უკრაინისთვის და ნატო-სა და ევროკავშირის ფრონტისპირა ქვეყნებს უქმნის, და ვუპასუხოთ რუსეთის დამაზიანებელ ქმედებებს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

ამგვარად, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით აშშ-ს სანქციები დაწესებული აქვს რვა იურიდიული და ფიზიკური პირისთვის, ასევე 17 ხომალდისთვის.

ვაშინგტონი ეწინააღმდეგება რუსეთის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენს, რომელმაც გაზი გერმანიას რუსეთის არქტიკის რეგიონიდან ბალტიის ზღვით, უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს. გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მის ასამოქმედებლად გერმანიის ხელისუფლების ნებართვაა საჭიროა. გასულ კვირაში გერმანიის ენერგომარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა.