ბრიუსელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციებს გეგმავს
ბრიუსელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციებს გეგმავს

ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და გერმანიამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით უთანხმოებები მოაგვარეს, ევროკომისიას არ შეუცვლია საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება ზემოაღნიშნული პროექტის მიმართ.

ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, პროექტი არ შედის ევროკავშირის საერთო ინტერესების სფეროში.

მისივე განცხადებით, ევროკომისია კონსულტაციებს გამართავს ევროკავშირის წევრ და მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთან. ევროკომისიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით არსებული შეთანხმების გახანგრძლივებაზე.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით აშშ-მა და გერმანიამ შეთანხმებას დღეს მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, გერმანია ვალდებულებას იღებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ენერგო-პროექტის იარაღად გამოყენების შემთხვევაში, შესაბამის ზომებს მიიღებს. გარდა ამისა, აშშ და გერმანია ვალდებულებას იღებენ, რომ გამოიყენებენ ყველა ბერკეტს რუსეთიდან უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმების 10 წლით გახანგრძლივებაზე, რომელის ვადაც 2024 წელს იწურება.

შეთანხმების თანახმად, გერმანია უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს გამოყოფის ვალდებულებას იღებს ენერგეტიკის სფეროს პროექტების დასაფინანსებლად. გარდა ამისა, აშშ-გერმანია ერთ მილიარდიან ფონდს შექმნიან უკრაინაში განახლებადი ენერგიის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად. ასევე, ბერლინი ვალდებული იქნება, ევროკავშირთან მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინის ენერგოსექტორში 2027 წლამდე 1,77 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებასთან დაკავშირებით.