გერმანული მედიის ცნობით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე მეოთხე დაზიანება აღმოაჩინეს
გერმანული მედიის ცნობით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე მეოთხე დაზიანება აღმოაჩინეს

გერმანული მედიის ცნობით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე მეოთხე დაზიანება აღმოაჩინეს. ახალი დაზიანების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია შვედეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა გაავრცელა. მათივე ცნობით, ორი დაზიანების ადგილი უშუალოდ შვედეთის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარეობს. კიდევ ორი კი დანიის ეკონომიკურ ზონაში.

შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანების ადგილთან წყლის ზედაპირზე წარმოქმნილი ბუნებრივი აირის ბუშტების დიამეტრი 200 მეტრია.

რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორ განშტოებაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შესახებ ინფორმაცია 26 სექტემბერს გავრცელდა. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ გაზსადენი განზრახ დააზიანეს. ინციდენტის გამოძიება გერმანიაში, დანიასა და შვედეთში მიმდინარეობს. გერმანელი სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ადგილი ჰქონდა დივერსიას, რომელშიც მონაწილეობდნენ წყალქვეშა ნავები ან მყვინთავები. მათივე ცნობით, გაზსადენის შეკეთება მოკლე პერიოდში შეუძლებელია.

ამასთან „სიენენი“ წერს, რომ 26 და 27 სექტემბერს რუსულ გაზსადენთან ახლოს რუსული სამხედრო ხომალდები და წყალქვეშა ნავები შენიშნეს, თუმცა ეს არ ამტკიცებს, რომ დივერსია რუსეთმა მოაწყო.

ბრიტანული „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მილსადენზე ასაფეთქებელი მოწყობილობები შესაძლოა, რამდენიმე თვის ან წლის წინაც დაამონტაჟეს.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გაზსადენის დაზიანების შემდეგ გამოძიება საერთაშორისო ტერორიზმის მუხლით წამოიწყო.