ჩინეთში, შანხაის ავტოდრომზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართა. ზედიზედ მესამე გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა „ფერარის” გერმანელ პილოტს სებასტიან ფეტელს, რომელმაც შაბათს პოული მოიპოვა და სტარტზე პირველი იდგა, მაგრამ პიტსტოპების სერიის შემდეგ ლიდერობა დაკარგა, ფინიშთან ახლოს კი მას „რედ ბულის” პილოტი მაქს ფერსტაპენი შეეჯახა და საბოლოოდ, გერმანელი ფინიშთან მერვე მივიდა.
გამარჯვება „რედ ბულის” მეორე პილოტმა დანიელ რიკარდომ მოიპოვა. მან გუნდთან ერთად ტაქტიკურად აჯობა კონკურენტებს – ერთის ნაცვლად, ორი პიტსტოპის ტაქტიკა გამოიყენა. შედეგად, ბოლო წრეებზე ახალი საბურავებით, რიკარდო ჯერ დაეწია ლიდერებს, შემდეგ კი პირველ ადგილზე გადავიდა და კარიერაში მეექვსე გრანპრი მოიგო.
მეორე ადგილზე გავიდა “მერსედესის” პილოტი ვალტერი ბოტასი, მესამეზე – „ფერარის” წევრი კიმი რაიკონენი, მეოთხეზე – მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი „მერსედესიდან” ლუის ჰემილტონი.
საერთო ჩათვლაში ისევ ფეტელი ლიდერობს, რომელსაც 54 ქულა აქვს. მასთან სხვაობა შეამცირა ჰემილტონმა – 45 ქულა, მესამე ადგილზეა ბოტასი – 40 ქულა.
სეზონის მეოთხე ეტაპი – აზერბაიჯანის გრანპრი 29 აპრილს, ბაქოში გაიმართება.