ლუის ჰემილტონს ტიტულის განაღდების კარგი შანსი კვირას - აშშ-ში აქვს
ლუის ჰემილტონს ტიტულის განაღდების კარგი შანსი კვირას - აშშ-ში აქვს

„მერსედესის“ პილოტს – ლუის ჰემილტონს აქვს მაღალი შანსი – უახლოეს უქმეებზე, მსოფლიოს ჩემპიონი, ვადაზე ადრე გახდეს. შეგახსენებთ, რომ კვირას, ოსტინში აშშ-ის გრანპრი გაიმართება. გაჩემპიონებისთვის ბრიტანელს რვა ქულით მეტის დაგროვება სჭირდება , ვიდრე მის უახლოესი მდევარი – „ფერარის“ პილოტი – სებასტიან ფეტელი აიღებს.

ჰემილტონსა და ფეტელს შორის სხვაობა საერთო ჩათვლაში 67 ქულას უტოლდება. თუ ბრიტანელის უპირატესობა 75 ქულამდე გაიზრდება, დარჩენილ სამ რბოლაში თუნდაც ლუისმა ვერც ერთი ქულა ვერ აიღოს, ხოლო ფეტელმა ყველა გრანპრიზე გაიმარჯვოს, გერმანელი ჰემილტონის გასწრებას ვეღარ შეძლებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში, ითვალისწინებენ სეზონში მოგებების რაოდენობას, რომელიც ჰემილტონს მეტი აქვს.

ასე რომ, ლუისი ახლოს არის მეხუთე ტიტულთან, თუმცა, ის აცხადებს, რომ არასოდეს ჰქონია მიზნად ლეგენდარული გერმანელის, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის – მიხაელ შუმახერის რეკორდების დამხობა.

„სიმართლე გითხრათ, ჩემი მიზანი ეს არასოდეს ყოფილა. დავიწყე იმით, რომ ვცდილობდი ვყოფილიყავი აირტონ სენასთან შედარების ღირსი, რომელიც იყო… ადამიანი, ვინც აღმაფრენას მაძლევდა. და მოგებების რაოდენობით, მას ორი წლის წინ გავუთანაბრდი. მიხაელის სტატისტიკა დაუჯერებელია და მის რეკორდამდე ჯერ ძალიან შორია. მაგრამ დრო ჯერ ისევ მაქვს, ასე რომ, გავაგრძელებ შრომას და იმის კეთებას, რაც არის ჩემი საყვარელი საქმე. ვნახოთ, რა მოხდება“ – განაცხადა ჰემილტონმა აშშ-ის გრანპრის წინ.

დატოვე კომენტარი