იაპონიის გრან პრი - ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპის წინათქმა
იაპონიის გრან პრი - ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპის წინათქმა

„სუზუკა“ ერთ-ერთი საუკეთესო ტრასაა ფორმულა 1-ის კალენდარში, იაპონია კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი, სადაც ჩემპიონატი იმართება. ამიტომ გუნდები და პილოტები მოუთმენლად ელიან ამ შაბათ-კვირას გასამართ ეტაპს. იაპონიის გრან პრი ჩემპიონატის განუყოფელი ნაწილია. „სუზუკაზე“ ასპარეზობა არც თუ ისე დიდი ხანია იმართება. პირველი რბოლა აქ 1987 წელს ჩატარდა. ამომავალი მზის ქვეყანაში ბევრი ტრასაა, თუმცა „სუზუკას“ კონკურენციას ვერც ერთი მათგანი უწევს.

აღნუშნული ავტოდრომი ძალიან საინტერესო, რთული და ჩქაროსნულია, აქვს ბევრი დასამახსოვრებელი მონაკვეთი, სწრაფი მოსახვევების გრძელი სერია და გამორჩეული ფორმა. ის იკვეთება, ანუ რვიანის ფორმას ქმნის. „სუზუკაზე“ რბოლა 53 წრისგან შედგება, თითო წრე 5807 მეტრია (ჯამში 307,471 კმ.). აქვს 18 მოსახვევი. მდებარეობს სანაპიროსთან ახლოს, რის გამოც ნალექიანი ამინდის ალბათობა ყოველთვის დიდია. ასევე ხშირია ძლიერი ქარიც, რაც რბოლას კიდევ უფრო ართულებს.

მთლიანობაში „სუზუკა“ მახასიათებლებით ახლოს არის „სპასთან“ და „სილვერსტოუნთან“, ასე რომ იმ გუნდებმა, რომლებმაც აღნიშნულ ავტოდრომებზე წარმატებით იასპარეზეს, იაპონიაშიც უნდა გამოიჩინონ თავი. დიდი ბრიტანეთისა და ბელგიის გრან პრი სებასტიან ფეტელმა მოიგო. შესაბამისად, მომავალი ეტაპის ფავორიტი „ფერარია“. გერმანელს „სუზუკაზე“ მოგება ძალიან სჭირდება იმისთვის, რომ ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნოს. ლუის ჰემილტონმა ზედიზედ სამი რბოლა მოიგო და ფეტელს 50 ქულით უსწრებს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიის ეტაპის წინ პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. ამ ტრასაზე შეცდომის დაშვება ადვილია და გუნდებს ტექნიკური პრობლემებიც ხშირად ექმნებათ. ჰემილტონს „სუზუკაზე“ სამჯერ აქვს გამარჯვება მოპოვებული, მაგრამ ეს მისი საყვარელი ტრასა ნამდვილად არ არის. ფეტელი კი „სუზუკას“ ნამდვილი სპეციალისტია. აქ ის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ოთხჯერ ავიდა.