„ფორბსის“ რეიტინგით, ჯეფ ბეზოსი კვლავ აშშ-ის უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეშია
კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი ჟურნალ „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებული ამერიკის უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეში ზედიზედ მესამედ მოხვდა.
2020 წლის 24 ივლისის მდგომარეობით, ჯეფ ბეზოსის ქონება 179 მილიარდი დოლარით არის შეფასებული.
რეიტინგში მეორე ადგილზე „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსია. ხოლო სიაში მესამე „ფეისბუქის“ დამაარსებელი მარკ ცუკერბერგია.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალის შეფასებით, პანდემიის ნეგატიური შედეგების გამო მნიშვნელოვნად გაუარესდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია რეიტინგში. მან გასული წლის შედეგიდან – 275 საფეხურიდან 352-ე საფეხურზე გადაინაცვლა. ტრამპის ქონება 2,5 მილიარდი დოლარით არის შეფასებული.
400-კაციან სიაში 18 ახალი სახელია, მათგან ერთ-ერთი „ზუმის“ (Zoom Video Communications) ხელმძღვანელი ერიკ იუანია, რომლის კომპანია პანდემიის პირობებში დისტანციური მუშაობის დროს მსოფლიოში განსაკუთრებით მოთხოვნით სარგებლობდა. ერიკ იუანის ქონება „ფორბსის“ მიერ 11 მილიარდი დოლარით არის შეფასებული.