„ფორბსის“ ათწლეულის ყველაზე მდიდარი მუსიკოსების სიის სათავეში დოქტორ დრე მოხვდა
„ფორბსმა“ ათწლეულის ყველაზე მდიდარი მუსიკოსები დაასახელა. სიის სათავეში ანდრე იანგი, იგივე დოქტორ დრე მოხვდა.
ამერიკული გამოცემის ცნობით, რეპერმა უკანასკნელ ათწლეულში 950 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. „ფორბსის“ ცნობით, მუსიკოსს 2015 წლის შემდეგ ალბომი არ გამოუცია და ბოლო 19 წელია ტურნეც არ გაუმართავს. მუსიკოსმა სიის პირველი ადგილი კომპანია „ბითსში“ არსებული წილის მეშვეობით მოიპოვა.
ცნობილი მუსიკოსი და პროდიუსერი დოქტორ დრე ხუთი „გრემის“ მფლობელია. მისი პროდიუსერული კარიერა კი, თუფაქთან, ემინემთან, სნუპ დოგთან და სხვა ცნობილ რეპერებთან თანამშრომლობას ითვლის.
„ფორბსის“ რეიტინგის მეორე ადგილი ტეილორ სვიფტმა დაიკავა, რომლის შემოსავალიც ბოლო ათი წლის განმავლობაში „ფორბსის“ ცნობით, 825 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. მესამე ადგილზე 685 მილიონი დოლარით მომღერალი ბიონსეა.