კახა კალაძე - არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია გადაწყვეტილება, ვინ უნდა იმღეროს, როგორი წარმოდგენა და გაფორმება იყოს კონცერტზე, ამ ყველაფერში კვალიფიციური ადამიანები არიან ჩართული
კახა კალაძე - არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია გადაწყვეტილება, ვინ უნდა იმღეროს, როგორი წარმოდგენა და გაფორმება იყოს კონცერტზე, ამ ყველაფერში კვალიფიციური ადამიანები არიან ჩართული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მიერ იგეგმება და ის მსგავს გადაწყვეტილებებში არასდროს ერევა.

კახა კალაძე რამდენიმე მუსიკალური შემსრულებლის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

„ნამდვილად ვერ მივიღებ მსგავს დამოკიდებულებას. თავად როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, შეიძლება, ამას აკეთებდნენ და ჰგონიათ, სხვაც იმავეს აკეთებს. ზუსტად ეს არის მათსა და ჩვენს შორის განსხვავება. როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე, ვიღებდე გადაწყვეტილებას, ვინ უნდა მიიღოს კონცერტში მონაწილეობა და ვინ არ უნდა იმღეროს, ვიღაც იმღერებს, ვიღაც არ იმღერებს, ვიღაც ხვალ იმღერებს, ვიღაც – ზეგ. ღმერთია მოწმე, არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომ მე განვსაზღვრო, ვინ უნდა იმღეროს, ვინ გამოვიდეს, როგორი წარმოდგენა და გაფორმება იყოს. ამ ყველაფერში კვალიფიციური ადამიანები არიან ჩართული. შარშან და შარშანწინ ვიღაცას არ მოუწია სიმღერა, ამიტომ საზოგადოება გამოვიდა და მერია გაკიცხა, ეს რა კონცერტები მოაწყვეს, ვინ, რას მღეროდა, ვერ გავიგეთო. მართლა არ ვიცი სიმღერა, თორემ მაგასაც არ დავზარდებოდი, გამოვიდოდი და ვიმღერებდი, მაგრამ არ ვიცი, არ მაქვს ეს ნიჭი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საახალწლო გალაკონცერტში, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება, სხვადასხვა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოება საინტერესო წარმოდგენას იხილავს.

„საახალწლო კონცერტში ძალიან ბევრი შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. საკმაოდ საინტერესო წარმოდგენა იქნება. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ქვეყნის მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი. ერთი რამ მინდა, ვისურვო, რომ ჯანმრთელი ვიყოთ. ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, არაფერია. მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. 2024 წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, დედაქალაქისთვის და ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა გადაცემაში „იმედი LIVE“.