ფიქრია ჩიხრაძე - საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამის განთავსების თაობაზე მეტი თანამშრომლობაა საჭირო
ფიქრია ჩიხრაძე - საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამის განთავსების თაობაზე მეტი თანამშრომლობაა საჭირო

პრეზიდენტი მზად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუსმინოს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და პრეზიდენტს შორის, მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ჩიხრაძის თქმით, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით მეტი თანამშრომლობაა საჭირო, რადგან საკითხი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება.

“გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანონი შეიცავს, ბევრ ისეთ თემას, რომელიც საზოგადოებაში იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, თავად პარლამენტში და უმრავლესობაშიც კი არ არის ერთიანი შეხედულება, რასაც სარეკლამო ბაზარი ქვია, სწორედ ამიტომ პრეზიდენტი შეხვდა ერთ მხარეს, მეორე მხარეს და დღევანდელი შეხვედრაც მათი სურვილით შედგა.  თუ ვინმეს საუბრის სურვილი ექნება, პრეზიდენტი მზად არის, გამართოს შეხვედრები და მოისმინოს მათი აზრიც, რადგან გამორჩეულ სიკეთეს ეხება საკითხი. ერთის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველას გვადარდებს და ყველას გვინდა, რომ ეს იყოს ის მაუწყებელი, რომელიც საზოგადოების მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს და ამაში ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ. ამავდროულად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მედიაპლურალიზმის შენარჩუნება, ამაზე დარტყმა დაუშვებელია და ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ამ ორივე თემას უზრუნველყოფს. ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტის აზრი ასეთია, რომ ეს ორი თემა წინააღმდეგობაში არ მოდის, თუ უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება, თუ უფრო მეტი აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მოსმენა იქნება სხვადასხვა მხარეს შორის. ვეტოს რაც შეეხება, როგორც წესი, იცით, რომ ამაზე წინასწარ ვერავინ ვისაუბრეთ, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, მაგრამ მე შემთხვევით არ მითქვამს, რომ თავად უმრავლესობის შიგნითაც არის აზრთა სხვადასხვაობა. ვნახოთ, მესამე მოსმენაზე რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ მზად ვართ, თანამშრომლობისთვის ამ კუთხით, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ ყველასთვის და არავის ინტერესი არ დაზარალდეს”,- აღნიშნა ჩიხრაძემ.