ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტის განცხადებაზე აბსურდული კომენტარები გვესმის ორი დღის განმავლობაში
ვინმეს რომ ეთქვა რამდენიმე თვის წინ, რომ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ალბათ, ყველა სიცილით მოვკვდებოდით, მაგრამ ეს რეალიზდა. თუმცა, ამ ტიპის უტოპიური დაშვებაც კი გამორიცხულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, – ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმაზე გაკეთებული განცხადების გამოხმაურებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებაზე აბსურდული კომენტარები ისმის ორი დღის განმავლობაში.
„განცხადების არსი, რომელიც პრეზიდენტმა სტუდენტებთან გააკეთა და რომელსაც მოყვა ეს უცნაური ალიაქოთი, რაც 10 000-ჯერ უთქვამს ამავე პრეზიდენტს აუდიტორიაში, ინტერვიუსა თუ სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრაზე გულისხმობს, რომ რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის მომხრე არის საქართველოს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი. მაგრამ არსებობს წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზები არის დაუძლეველი და სანამ არსებობს ოკუპაციის პრობლემა, მანამდე ასეთი დიალოგი ვერ შედგება. ადამიანები, რომლებიც გამოეხმაურნენ უაპელაციოდ – ან უნდა ვიფიქროთ, რომ საერთოდ არაფერს არ კითხულობენ და კომენტარს ისე აკეთებენ მოყოლილზე ერთმანეთის წამხედურობით, ან კითხულობენ, ყველაფერი კარგად გაიგეს, მაგრამ წინასაარჩევნო ეიფორიამ განაპირობა ის, რომ ზოგი თავისი დღის წესრიგიდან გამომდინარე თავს დაესხას, ზოგმა იეჭვიანოს, ზოგს საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს და ფიქრობენ, რომ მარგველაშვილი მაინც უნდა ჩაძირონ, მიუხედავად იმისა, მარგველაშვილი განაცხადებს თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატობას. სამწუხაროდ, ეს დაემართა, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. ძალინ გასაკვირია, რადგან ჩვენ არც კი ჩაგვითვლია განმარტება საჭიროდ, იმდენად ცხადი იყო ეს ტექსტი.
ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ დაგანახოთ ამ კომენტარების აბსურდულობა, რომელიც გვესმის ორი დღის განმავლობაში. უტოპიები არსებობს, მაგალითად, ვინმეს რომ ეთქვა რამდენიმე თვის წინ, რომ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ალბათ, ყველა სიცილით მოვკვდებოდით, მაგრამ ეს რეალიზდა, თუმცა, ამ ტიპის უტოპიური დაშვებაც კი გამორიცხულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. „სულ ვამბობ, რომ ვნატრობ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.