ფინელი დეპუტატი - კარლეს პუიჩდემონმა, დაპატიმრების საფრთხის გამო, ფინეთი დატოვა
კატალონიელი სეპარატისტების ლიდერმა, დაპატიმრების საფრთხის გამო, ფინეთი დატოვა, – ინფორმაციას ფინელი დეპუტატი მიკო კრანა ავრცელებს.
მისი თქმით, კარლეს პუიჩდემონი უკვე ბელგიაშია. მისი დაპატიმრების თხოვნით ფინეთს ესპანეთის მთავრობამ 23 მარტს მიმართა.
გავრცელებული ცნობით, მან ფინეთში ერთი დღე გაატარა. კატალონიის ყოფილი მეთაური უკვე რამდენიმე თვეა ბელგიაშია გახიზნული. მადრიდი მას უკანონო რეფერენდუმის მოწყობაში ადანაშაულებს.
კატალონიაში ვითარება ბოლო დღეებში დაძაბულია. 23 მარტს, საღამოს სეპარატისტების მომხრეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 25 კატალონიელი ლიდერის აჯანყებისა და სახელმწიფოს დაუმორჩილებლობის მუხლით გასამართლება მოითხოვა. ეს მუხლი 30 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.