ფინელი დეპუტატი - რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპები ჯერ კიდევ არ სრულდება, კრიტიკული ჟურნალისტების, ოპოზიციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება შეშფოთებას იწვევს
ფინელი დეპუტატი - რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპები ჯერ კიდევ არ სრულდება, კრიტიკული ჟურნალისტების, ოპოზიციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება შეშფოთებას იწვევს

რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპები ჯერ კიდევ არ სრულდება, კრიტიკული ჟურნალისტების, ოპოზიციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ფინელმა დეპუტატმა, კიმო კილუნენმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე მსჯელობენ.

დეპუტატის თქმით, მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშში რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებებსა და სხვა პრობლემატური საკითხებზე წუხილია გამოთქმული.

ამასთან, კიმო კილუნენმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთის სანქციებით დასჯა სიტუაციის გაუმჯობესებისთვის მართებული გზა არ არის.

„აქ შეკრებილებისთვის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა არის საერთო. კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში მკაფიოდ გამოხატავს ჩვენს შეშფოთებას რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო და ეს ღიად ითქვა აქ. თუ დოკუმენტში ჩაიხედავთ, ნახავთ, რომ შეშფოთებაა გამოთქმული რუსეთის მიერ გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, ასევე წუხილია გამოთქმული ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო სამართლის პრინციპები ჯერ კიდევ არ სრულდება და საკითხი ისევ ღიაა. კრიტიკული ჟურნალისტების, საპარლამენტო ოპოზიციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება შეშფოთებას იწვევს და ეს ყველაფერი ამ დოკუმენტშია.

ამის მიუხედავად, კომიტეტის დასკვნები ასევე მკაფიოა. ეს ასამბლეა არის დიალოგის სივრცე, აქ ვართ, რომ ვიმსჯელოთ. დიახ, ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, თუნდაც როგორ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. მოდით, ამაზე ღიად ვიმსჯელოთ. ჩვენ ახლა ვმსჯელობთ რუსეთზე, ჩვენ ხაზს ვუსვამთ მთავარ პრობლემებს.

როდესაც კოლეგები მოგვიწოდებენ სანქციებისა და დასჯისთვის, არ ვარ დარწმუნებული. სანქციების დადება ადვილია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან. ასევე, პრობლემაა ის, რომ ჩვენ გვსურს მათი დასჯა, ვისაც უნდა ვეხმარებოდეთ სიტუაციის გაუმჯობესებაში. ფიქრობთ, რომ იზოლაცია საუკეთესო გზაა გამოსასწორებლად, თუ უმჯობესია ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმ ღირებულებებისთვის, რაც გვაერთიანებს“, – განაცხადა ფინელმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უკრაინის დელეგაციის მოთხოვნით გასაჩივრდა. ამ მოთხოვნას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე დელეგაციამ, მათ შორის, საქართველომაც დაუჭირა მხარი. მოგვიანებით მონიტორინგის კომიტეტმა ამ საკითხზე მოამზადა ანგარიში, რომელშიც ავსტრიელი დეპუტატი შტეფან შენახი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენის მიზნით, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უპირობოდ ცნონ.

დატოვე კომენტარი